ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია
.
ლაბორატორიის გამგე -
.
ფეთქებადი მასალების კვლევის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია სტრუქტურულად შედის აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილებაში.
ლაბორატორია წლების მანძილზე ანხორციელებს მისი კომპენტენციის სფეროში შემავალი ისეთი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა, რთული სტრუქტურის მადნეულ საბადოს კომპლექსური ათვისება და კარიერის პარამეტრების დადგენა.
კვლევების შედეგად შემუშავდა და გამოიცადა:
- ფეთქებადი ნივთიერებების დეტონაციის სიჩქარის გამზომი აპარატურა. არსებული ანალოგიებისაგან განსხვავებით, იგი უზრუნველყოფს მიღებული შედეგების მაღალ სიზუსტეს და საიმედობას.
- ფეთქებადი ნივთიერებებისათვის შემუშავდა მუშაუნარიანობის გაზომვის მეთოდი.
- უტილიზირებული კოლოიდური დენთების და სარაკეტო საწვავის ბაზაზე შეიქმნა სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებები, დადგინდა მათი დეტონაციური მახასიათებლები და მგრძნობიარობა გარეშე აგენტების ზემოქმედების მიმართ, შემუშავდა ოპტიმალური რეცეპტურები, რომლებიც ფეთქებადი ნივთიერებების მაღალი ეფექტურობასთან ერთად უზურნველყოფენ ნარევის ნულოვანი ჟანგბადის ბალანსს და აქედან გამომდინარე ტოქსიკური აირების კონცენტრაციის მკვეთრ შემცირებას.
- მჭიდროდდასახლებულ პირობებში შეიქმნა შენობა–ნაგებობების აფეთქებით–დემონტაჟის წარმოების უსაფრთხო ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს აფეთქების სეისმოუსაფრთხო პარამეტრების და მანძილების დადგენის ახალ მეთოდს. ჩატარდა მისი ტესტირება სხვადასხვა სამთო–გეოლოგიურ პირობებში. ამ ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების, მათ შორის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების სრულ უსაფრთხოებას, მჭიდროდდასახლებულ პუნქტებში შენობა–ნაგებობების აფეთქებით დემონტაჟის უსაფრთხო ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა ქ. თბილისის ისტორიული უბნების, აგრეთვე ბათუმი–ქობულეთის რეგიონის სანაპირო ზონის რეკონსტრუქციისას.
- შემუშავდა კარიერებისა და სანაყაროების ფერდოების მდგრადობის დადგენის ინოვაციური მეთოდიკა სტატიკური და დინამიკური დატვირთვების ერთობლივი ზემოქმედების გათვალისწინებით. მისმა გამოყენებამ მადნეულის ოქრო–სპილენძ–ბარიტ–პოლიმეტალური საბადოს კარიერზე უზრუნველყო ხსენებული ფერდოების დახრის კუთხის 3–5 გრადუსით გაზრდის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ამ საბადოს გადასახსნელი ქანების მოცულობა შემცირდება 15–20 მლნ მ3–ით.
- კარიერებზე ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მეთოდიკის ბაზაზე შეიქმნა მათი გათვლის კომპიუტერული პროგრამა, რომელმაც გაიარა ტესტირება სხვადასხვა სამთო–გეოლოგიურ და სამთო–ტექნიკურ პირობებში. მისი გამოყენება ამცირებს დროის დანახარჯებს საამფეთქებლო სამუშაოების პროექტირებაზე და უზრუნველყოფს რეგიონალურ ბაზარზე გამოტანილი ფეთქებადი ნივთიერების ოპტიმალური სახეობის შერჩევას, აფეთქების უსაფრთხო ზონების რადიუსების და საამფეთქებლო სამუშაოების რენტაბელობის მაჩვენებლების დადგენას.
- მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების მოპოვების აფეთქებითი ტექნოლოგიის გამოყენებამ გაზარდა პროდუქციის გამოსავლიანობა სამთო მასიდან 45–60%–ით და შემცირდა მათი თვითღირებულება 18–30%–ით. აღნიშნული ტექნოლოგია ამჟამად გამოიყენება მრავალ, მათ შორის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში.
- სს ,,მადნეულის’’ საბადოებისთვის შეიქმნა რთული სტრუქტურის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მასივის გეოლოგიური სტრუქტურის შენარჩუნებას აფეთქებულ სამთო მასაში, რის შედეგად ორი პროცენტით შემცირდა მადნის გაღარიბების და დანაკარგების მაჩვენებლები.
- ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები კარიერის ოპტიმიზაციის და მისი დიზაინის სრულყოფისათვის. მათ შორის გადახსნითი ზონის მაღალი საფეხურებით დამუშავების ტექნოლოგია, რომელმაც უზრუნველყო სამთო სამუშაოების კონცენტრაცია და მათი ღირებულების შემცირება 25%–ით. საკარიერო გზების შენახვის ხარჯები შემცირდა 20%–ით. შემუშავებულმა ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა მოპოვების ზონაში გაგვეზარდა მუშა საფეხურების სიმაღლე 5დან–10 მ–დე და გვეწარმოებინა აფეთქებული მადნის ნაშალის სელექციური დამუშავება. ამ ტექნოლოგიის გამოყენება უზურნველყოფს მადნის გაღარიბებისა და დანაკარგების საპროექტო მაჩვენებლების ოპტიმიზაციას და მკვეთრად ზრდის დამტვირთავი ტექნიკის და საბურღი დაზგების მწარმოებლობას.
- ჭიათურის მანგანუმის მადანშემცველი სასარგებლო ფენის მეორადი დამუშავების ტექნოლოგია ხასიათდებოდა მადნის საკმაოდ მაღალი გაღარიბებით (19–20%). შრეებად დამუშავების ტექნოლოგია ქანის წინასწარი გაფხვიერებით და ბულდოზერ–მაფხვიერებლის გამოყენებით ქმნის მადნის გაღარიბების 8–10%–მდე შემცირების წინაპირობას და ხელს უწყობს ტექნიკური საშუალებების მწარმოებლურობის ზრდას.
- მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა ჭიათურის და მადნეულის საბადოების გადამხურავი ქანების ფიზიკურ–მექანიკური და ქიმიური თვისებების დასადგენად, მათი გადამხურავი ქანები შეიცავს ბეტონისა და ასფალტ–ბეტონის, დეკორატიული მინის და სილიკატური აგურის წარმოებისათვის საჭირო მაღალი ხარისხის ნედლეულს, მათი კვლავ ჩართვა საწარმოო პროცესებში უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. წინასწარი მონაცემებით არსებული სანაყაროების ათვისება ყოველწლიურად უზრუნველყოფს საამშენებლო ნედლეულის დამატებით წარმოებას: 100–ათ.ტ ქვიშა, 3600 ათ.ტ ღორღი და 120 ათ. ტ კერამიკური თიხა. ამ პროექტის განხორციელება სტიმულს მისცემს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას მიწის ფართობების გასხვისების გარეშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პრობლემების თვალსაზრისით.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- ფეთქებადი მასალების ჰიდროდინამიკური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევა და მუშაუნარიანობის დადგენა;
- მყარი სხეულის აფეთქებით მიმართული რღვევის პროცესების კვლევა;
- უკონტაქტო აფეთქების მეთოდების შემუშავება;
- ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა;
- მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;
- მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფა, ბუნებრივ და ისტორიულ ძეგლებზე მათი მავნე ზემოქმედებიდან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
- მიწისქვესა ნაგებობების მშენებლობისას ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოების პროექტირება და პასპორტების შემუშავება;
- ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოების წარმოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
- ვაკუუმტუმბო;
- მაგნიტური სარეველა;
- დისტილატორი;
- სამსხვრეველა;
- ანალიზური სასწორი;
- თერმოსტატი;
- კოლბაგამახურებელი;
- ლაზერული თერმომეტრი;
- PH მეტრი;
- ფ.ნ.-ის აალების ტეპერატურის საზომი;
- გამწოვი, ბრონირებული კარადები;
- ანალიზატორები;
- დეტონაციის სიჩქარის გამზომი ხელსაწყო;
- სპეცდანიშნულების დეტონაციური კამერა;
- გაზ ანალიზატორი;
- ,,BLASTMATE III’’ - სეისმიკის ჩამწერი ხელსაწყო;
- ,,MIKROMATE’’ - სეისმიკის ჩამწერი ხელსაწყო.
კომერციალიზაციისათვის მომზადებული სამუშაოები:
- საბადოს დამუშავების ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება და ბიზნეს გეგმის დამუშავება;
- ღია სამთო სამუშაოებოის დაპროექტება;
- მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების მოპოვების რესურსდამზოგი მაღალრენტაბელური და მასივის მთლიანობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგია;
- ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოების პროექტირების კომპიუტერული პროგრამა, ახალი და მოქმედი კარიერებისათვის;
- მუხტების სეისმოუსაფრთხო მასების და მანძილების გათვლის კომპიუტერული პროგრამა;
- საინჟინრო ნაგებობების აფეთქებით დემონტაჟის პროექტირება;
- აფეთქებითი სამუშაოების გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და მონიტორინგი;
- ფეთქებადი ნივთიერებების და აფეთქების საშუალებების ტესტირება და ექსპერტიზა.
სამეცნიერო საგრანტო პროექტები:
- FR/171/3 - 180/14 – "მოსაპირკეთებელი ქვის ბლოკების აფეთქებით მოპოვების თეორიული საფუძვლები და ტექნოლოგია" (2015–2017) – დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- AR/62/3-180/14 - "ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზირებისას გამონთავისუფლებული დენთებისა და მყარი სარაკეტო საწვავების ბაზაზე სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება" (2015–2016) – დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- N445 "სამრეწველო აფეთქებების სეისმოუსაფრთხო პარამეტრების დადგენა და მათი გათვლის კომპიუტერული პროგრამის შემუშავება" (2009-2012) - დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
- N06/09 "უტილიზირებული საბრძოლო მასალების ბაზაზე სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერების წარმოების ტექნოლოგიის დამუშავება"(2009) - დონორი: ა.შ.შ.-ს სამოქალაქო კვლევების ფონდი/საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი/საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი - მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა - STEP;
- SfP 980981 "ტერორისტული აფეთქებებისგან ხალხის და მიწისქვეშა ნაგებობების დამცავი სისტემის შემუშავება" (2005–2010) - დონორი: ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის;
- G-1096 “უტილიზირებული საბრძოლო მასალების ბაზაზე სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა და ტექნოლოგიის დამუშავება" (2004-2007) - დონორი: საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი -სსტც (ISTC);
- GG2-2483 "გვირაბებში ტერორისტული აფეთქებებისგან ხალხის დამცავი სისტემა" (2003), "საქართველოს მცირე სამთო საწარმოთა" - დონორი: ა.შ.შ.-ს სამოქალაქო კვლევების ფონდი (CRDF);
- "საქართველოს მცირე სამთო საწარმოთა ასოციაციის ჩამოყალიბება" (2000) - დონორი: ფონდი ევრაზია
.
სწრაფად მიმდინარე პროცესების რეგისტრატორი არაფეთქებადი მსხვრევის ვაზნა
პერსონალი
განყოფილების უფროსი, ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მთავარი მკვლევარი
მთავარი მკვლევარი
წამყვანი ინჟინერი
მეცნიერი თანამშრომელი
სპეციალისტი
ლაბორანტი