ზოგადი ინფორმაცია

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, ყოფილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტი, დაარსდა 1957 წელს. 2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ინსტიტუტის დირექტორია პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე.

ინსტიტუტის ძირითადი პერსონალის რაოდენობა განისაზღვრება 104 საშტატო ერთეულით. მათ შორის სამეცნიერო პერსონალისა – 35, აქედან, 12 მთავარი მეცნიერ თანამშრომელია, 9 უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და 14 მეცნიერ თანამშრომელი.

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალიდან ორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრია.

.

ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფები:

  1. მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრი, რომელშიც ფუნქციონირებს 3 ლაბორატორია:
  • საბადოთა დამუშავების და სამთო გეოტექნიკის ლაბორატორია;
  • ანალიზური ქიმიისა და წიაღისეულის გამდიდრების ლაბორატორია;
  • საბაგირო სისტემების ლაბორატორია.

2. ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილება, რომელშიც ფუნქციონირებს 2 ლაბორატორია და 1 ჯგუფი:

  • ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის, ექსპერტიზის და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია;
  • პოლიმელური კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია;
  • ასაფეთქებელი კომპლექსის საინჟინრო-ექსპერიმენტული უზრუნველყოფის ჯგუფი. 
  1. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრი, რომელშიც ფუნქციონირებს 1 ჯგუფი და 1 ლაბორატორია:                  
  • საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების ჯგუფი;
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ლაბორატორია.

.

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების მიმართულებებია:

  • სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და რეკონსტრუქციის სრულყოფა, მიწისქვეშა გვირაბების საიმედო და ეკონომიური გაყვანის ტექნოლოგიების და სამაგრი კონსტრუქციების შექმნა;
  • მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების მაღალმწარმოებლური, უსაფრთხო ტექნოლოგიების დამუშავება; კარიერის ფერდების მდგრადობის კვლევა;
  • ჰიდრომექანიზირებული კომპლექსები და მილსადენი ჰიდროტრანსპორტი;
  • საბაგირო სატრანსპორტო საშუალებები, ამწევი სატრანსპორტო მოწყობილობები და მექანიზმები;
  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა და საამფეთქებლო სამუშაოების ტექნოლოგიების სრულყოფა;
  • მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგებობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება;
  • ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მიზნით;
  • აფეთქებით ლითონების დამუშავება; ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები;
  • ხალხის და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან დაცვის სისტემების შემუშავება;
  • ქანების და საშენი მასალების თვისებების მახასითებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი;
  • ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება;
  • მიწისქვეშა ნაგებობებისა და გვირაბების კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება;
  • მადანთა და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი;
  • წყლისა და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა);
  • მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით;
  • სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების არსებული ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა;
  • სამთო მრეწველობის ეკოლოგიური პრობლემები.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
ინსტიტუტს გააჩნია მიწისქვეშა ექსპერიმენტალური ბაზა ფეთქებადი ნივთიერებების გამოცდისათვის 100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ფარგლებში, წნეხები (TechPress2TM ჰიდრავლიკური პნევმატური ავტომატური მონტაჟის წნეხი), სტენდები, ოპტიკური მიკროსკოპები, რენტგენო-დიფრაქციული სისტემები X1 (Scintag, აშშ), მეტალოგრაფიკული, ქიმიური და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული აღჭურვილობა.

თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში:
სამთო ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო-კველვით ცენტრებსა და ინსტიტუტებთან: გერმანია (კლაუსტალის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), საბერძნეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა; აშშ (ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორია, აშშ-ს არმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლოურენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სამხრეთ დაკოტის სამთო მრეწველობის და ტექნოლოგიის სკოლა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორია, ფლორიდის უნიუვერსიტეტის ინფრასტრუქტურული დაცვის და ფიზიკური უსაფრთხოების ცენტრი); რუსეთი (ჩერნოგოლოვკის სემენოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი წნევების ფიზიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი; უკრაინა (ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის პრობლემათა ინსტიტუტი დნეპროპეტროვსკში, პატონის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, სახელმწიფო საკონსტრუქტირო ბიურო ”იუჟნოე”); სომხეთი (ა. ბ. ნალბანდიანის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი); ყაზახეთი (წვის პრობლემების ინსტიტუტი) და სხვა.

სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა:
გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საქართველო), საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC), უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF), NATO-ს პროგრამაში ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS), ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მეცნიერებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის (INTAS), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებულ მთელ რიგ სამეცნიერო პროექტებში.