გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა აკადემიკოს ლევან ჯაფარიძის 90 წლის იუბილე აღნიშნა
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან ჯაფარიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა.
ლევან ჯაფარიძე ქართული სამთო მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის განვითარებას.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე, სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი ეკატერინე სანაია, ლევან ჯაფარიძის ოჯახის წევრები, ინსტიტუტის და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იუბილარის სამეცნიერო მიღწევებს, მის მრავალწლიან მოღვაწეობასა და სამთო მეცნიერების განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, ასევე ახალგაზრდა თაობების პროფესიულ აღზრდაში მის განსაკუთრებულ როლს.
დამსწრე საზოგადოებამ ბატონ ლევანს 90 წლის იუბილე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მეცნიერებისა და დარგის განვითარების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და ჯანმრთელობა, მხნეობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, სამთო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნავად, აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე გამოჩენილი ქართველი სამთო მეცნიერის, გრიგოლ წულუკიძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბატონ ლევანს ასევე გადაეცა მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი ლომის ქანდაკება - სიძლიერის, სიმამაცის, სიბრძნისა და ღირსების სიმბოლო.
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ულოცავს აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს!

