აკადემიკოს ლევან ჯაფარიძის 90 წლის იუბილე
ცნობილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა, რუსეთის საინჟინრო აკადემიების ნამდვილ წევრს, ინფორმატიზაციის საერთაშორისო და ამერიკის საბუნებისმეტყველო აკადემიების წევრს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან ჯაფარიძეს დაბადებიდან 90, სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.
მან საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო სპეციალობით მიწისქვეშა ნაგებობების და საშახტო მშენებლობა (1959 წელს სრული კურსით), აგრეთვე სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა (1961 წელს).
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ლ. ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო ინსტიტუტ „საქშახტაპროექტის“ სამრეწველო განყოფილებაში, სადაც მას მოუხდა მუშაობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ისეთი რთული და უმნიშვნელოვანესი ობიექტების დაპროექტებაზე, როგორებიცაა: ქვანახშირის შახტები და მაღაროები, კაპიტალური მიწისქვეშა ნაგებობები და გვირაბები, მიწისზედა სამთო-ტექნიკური კომპლექსები.
1965 წელს იგი შედის ქ. ლენინგრადის სამთო გეომექანიკისა და მარკშეიდერიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც იმ დროს მუშაობდა რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში ქვანახშირის შახტების და სხვა, სტრატეგიული დანიშნულების ჭაურების დაპროექტების და მშენებლობის სპეციალურ სახელმწიფო პრობლემებზე. კვლევით ჯგუფში, რომელსაც დაევალა ამ პრობლემებზე მუშაობა, ჩართული იქნა ლ. ჯაფარიძეც. დავალების შესასრულებლად მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნიკო მუსხელიშვილის ფუნდამენტური ნაშრომის „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანები“-ს შესწავლას და პრაქტიკაში გამოყენებას, რაც გახდა მძლავრი იარაღი მისი შემდგომი მუშაობისას მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკის რთული ამოცანების გადაწყვეტისათვის.
მის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, ეხებოდა მიწისქვეშა ნაგებობის, როგორც ბუნებრივი და ხელოვნური კონსტრუქციებისაგან შედგენილი სისტემის „ქანის მასივი-სამაგრი“ ორიგინალური საანგარიშო სქემის შედგენა-დასაბუთებას და ამოხსნას ე.წ. შერეული მეთოდით, როცა სამაგრი კონსტრუქციის მოდელირება ხდება მასალათა გამძლეობის, ხოლო ქანის მასივისა - უწყვეტი ტანის მექანიკის მეთოდებით.
ასეთ და მსგავს ამოცანებში, როგორიცაა, მაგალითად, „კონსტრუქციები დრეკად ფუძეზე“ და სხვა, ქანების მასივი, იმ დროს არსებული მეთოდებიდან ყველაზე განვითარებულშიც კი, მოდელირებული იყო (და დღემდე ხშირად გვხვდება) მექანიკაში ცნობილი ადგილობრივი დეფორმაციის ჰიპოთეზაზე დაფუძნებული „ვინკლერის კოეფიციენტის“ შინაარსის მქონე ე.წ. „უკუწნევის კოეფიციენტის“ ფუნქციით, რომელიც მიღებული იქნა დრეკადობის თეორიის ღერძსიმეტრიული ამოცანის ამოხსნისათვის.
ბატონი ლევანის მიერ მიღებული ანალოგიური ფუნქციები, განზოგადებული არაღერძსიმეტრიულ შემთხვევებზე, რაც ტიპურია რეალური სამთო ტექნიკური პირობებისათვის, განსხვავებული აღმოჩნდა არსებულისაგან, ე.წ. „მუსხელიშვილის რიცხვჯერ“. ეს კი ქანებისათვის საშუალოდ ორის ტოლია. მის მიერ მიღებული „უკუწნევის კოეფიციენტის“ ფუნქცია, მან შემდგომში კვლავ განავითარა ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: საკონტაქტო პირობები სამაგრ კონსტრუქციას და ქანს შორის და ქანის მასივის ცოცვადობის პარამეტრები. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა მისი საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც წარმატებით დაიცვა 1968 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში ასპირანტურის დამთავრებისთანავე. დისერტაციის შედეგები სრულად გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით გამომცემლობა „Недра“-ს მიერ.
შემდეგი საკითხები, რაზეც ლ. ჯაფარიძეს მოუხდა მუშაობა, იყო ქანების მასივების და სამშენებლო მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, რომელთა აუცილებელი და საკმარისი სიზუსტით ცოდნა ერთის მხრივ განაპირობებს სამთო ობიექტების დაპროექტების ხარისხს და საიმედოობას, ხოლო მეორეს მხრივ - ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის ეკონომიურობას და საიმედოობას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ქანების მასივის გრავიტაციული, ტექტონიკური და სხვა წარმოშობის პირველადი ძაბვების ველის კომპონენტების და მასივის მექანიკური მახასიათებლების დადგენის მის მიერ განვითარებული ე.წ. „ნატურულ-ანალიზური“ მეთოდები. მათი დანიშნულებაა ქანების მასივის დაძაბული მდგომარეობის და სტრუქტურულ-გეომექანიკური თავისებურებების გათვალისწინება წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ისეთი საშიში მოვლენების პროგნოზირება და პრევენცია, როგორიცაა ე.წ. სამთო დარტყმები, „სამაგრი-ქანის“ სისტემის სტატიკური, რეოლოგიური და სეისმური წარმოშობის მძიმე დეფორმაციები. შემდეგი ეტაპი ლ. ჯაფარიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში იყო მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდების განვითარება. მიმართავდა რა სპეციალური ლიტერატურისა და ნორმატიული დოკუმენტების ანალიზს, მის მიერ სისტემატიურად ქვეყნდებოდა კრიტიკული დასკვნები იმის შესახებ, რომ ზღვრულ მდგომარეობაზე გაანგარიშების შესაძლებლობები, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს კონსტრუქციების მზიდი ელემენტების მუშაობას პლასტიკურობის სტადიაში, დაპროექტებისას ხშირად უგულებელყოფილია. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია მიწისქვეშა ნაგებობებისათვის, რომელთა სტატიკურად ურკვევადობის ხარისხი ხშირად გაცილებით მაღალია, ვიდრე ბევრი სხვა საინჟინრო ნაგებობის. ასეთი პირობებისათვის ლ. ჯაფარიძის შრომებში პირველად იქნა ჩამოყალიბებული მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა ზღვრული ძაბვების და კრიტიკული დატვირთვების საყოველთაოდ მიღებულ კრიტერიუმებთან ერთად და ხშირად მათ ნაცვლად ქანების მასივის და ხელოვნური სამაგრი კონსტრუქციის ზღვრული დეფორმაციების და გადაადგილებების პრინციპულად ახალი კრიტერიუმების გამოყენებას. ყოველივე ეს გამომცემლობა “ნედრას” მიერ გამოქვეყნდა ორ მონოგრაფიაში, აღიარებულ იქნა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი სამეცნიერო მიმართულება და 1978 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში ლ. ჯაფარიძის მიერ წარმატებით დაცული იქნა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. შედეგები გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით გამომცემლობა „Недра“-ს მიერ.
ბატონი ლევანის მთელი შემდგომი სამეცნიერო მუშაობა დაკავშირებულია მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკის, საინჟინრო კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდების, ბუნებრივი და ხელოვნური ქვების და კომპოზიციური მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პრობლე-მებთან. ამ მიმართულებებით, მის მიერ გამოქვეყნებული იქნა 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია. მის მიერ ჯერ კიდე 1983 შექიმნა პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე „მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკაში“, ხოლო 2024 წელს გამომცემლობა „შპრინგერმა“ გამოსცა მონოგრაფია „მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლოატაციო პირობები“ ინგლისურ ენაზე.
ყოველივე ამის საფუძველზე ლ. ჯაფარიძის მიერ შექმნილია გრავიტაციული, ტექტონიკური, სეისმური, ტექნოლოგიური და სხვა წარმოშობის ზემოქმედებებზე სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, სამხედრო და სხვა დანიშნულების გვირაბების გაანგარიშების ორიგინალური მეთოდები შესაბამისი ალგორითმებითა და კომპიუტერული პროგრამებით.
1970-1990 წლებში, ბატონი ლევანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, წიაღისეულ საბადოთა დამუშავების და სამთო საწარმოთა მშენებლობის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს დისციპლინებში: „სამთო-ტექნიკური შენობა-ნაგებობები“ და „ქანების მექანიკა“. მის მიერ შექმნილია პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე „მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა“. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ხუთი სამეცნიერო დისერტაცია.
1983 წელს ლ. ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1987-2004 წლებში იგი იყო გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი; 1992-2003 წლებში - საქართვეელოს მეცნიერების და ტექნოლოგიების კომიტეტის (შემდგომში - დეპარტამენტის) თავმჯდომარე; 1987 – 1990 წწ. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის ტექნიკის სექციის წევრი; 1995 – 2003 წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისიის წევრი; 1997 წელს არჩეული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2008 წელს - აკადემიკოსად. 1998 წელს იგი დაჯილდოვებული იქნა ღირსების ორდენით, ხოლო 2025 წელს მიენიჭა: საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში, კომპანია RMG-ის საპატიო სამთოელის წოდება, ხოლო 2026 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ბოლო წლებში ლ.ჯაფარიძის მიერ დამუშავებულია სხვადასხვა ტიპის მეწყერული ტანების გრავიტაციული და სეისმური ძალების მოქმედებისას მდგრადობის შეფასების ორიგინალური რიცხვით-ანალიზური მეთოდები კომპიუტერული პროგრამების და ძაბვათა თეორიის ანალიზური აპარატის ერთობლივი გამოყენებით. არსებული მეთოდებისაგან განსხვავებით, ისინი შესაძლებლობას იძლევა შრეობრივი მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მოდელირებული იქნას მეწყერსაშიში ტანების შესაძლო ჩამოშლის სხვადასხვა ფორმის საანგარიშო სქემები, გაანგარიშებული იქნას მათი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანამედროვე გეოტექნიკური საშუალებები ჩვეულებრივი და ექსტრემალური პირობებისათვის. მის მიერ დამუშავებული სხვადასხვა ტიპის მეწყერსაშიში ფერდობების მდგრადობის ხარისხის დადგენის კომპიუტერიზებული რიცხვით-ანალიზური მეთოდი გამოყენებული იქნა წყნეთი-სამადლოს 2015 წლის მეწყრული მოვლენების შედეგების აღმოფხვრის პროექტებში. აღსანიშნავია, რომ „ცოცვად-პლასტიკური“ მეწყერსაშიშ ადგილებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნა ქ. თბილისის შეშელიძის ქუჩისა და ვაშლიჯვრის უბნის ცოცვად-პლასტიკური მეწყრების გამაგრების პროექტებში, რომელიც შედგენილი და განხორციელებული იქნა გერმანიის ბავარიის საინჟინრო გეოლოგიის ბიუროსა და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ თანამშრომლებთან ერთად.
ამჟამად ბატონი ლევანი არის გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე დროს იგი ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ერთ-ერთ მთავარ - მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის და სამთო ტექნოლოგიების ცენტრს.
მრავალმხრივმა სამეცნიერო მოღვაწეობამ სამთო-სამშენებლო პრობლემების გადაწყვეტისას, მისმა პუბლიკაციებმა და მონაწილეობამ მსოფლიო კონგრესებზე და სამეცნიერო კონფერენციებზე: სტოკჰოლმი – 1989 წ., ფლორენცია – 1994 წ., ვაშინგტონი – 1996 წ., ტოლედო – 1997 წ., ათენი – 2007 წ., აგრა – 2008 წ. და სხვა, ლ. ჯაფარიძეს შეუქმნა საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერის ავტორიტეტი. იგი არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სამთო მეცნიერებათა აკადემიის და რუსეთის საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრი და ამერიკის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი.
მთელი ცხოვრება ბატონი ლევანი ცხოვრობს გატაცებებით. ბავშვობიდან გატაცებული იყო ავიამოდელიზმით და მისი ხელით გაკეთებულა საკმაოდ რთული მოქმედი ავიამოდელები. იყო პიონერთა სასახლის მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრი და უკვე ბავშვობაში მოვლილი ქონდა თუშეთი თუ ხევსურეთი, ხოლო შემდეგ ეს გადაიზარდა სერიოზულ ალპინიზმში. ფეხბურთი უთამაშია დინამოს ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდულ დინამოელში. უყვარდა სპორტული ცურვა, წყლის თუ მთის თხილამურები, სიმღერა, მუსიკა, ლიტერატურა და სხვა და სხვა.
მიუხედავად სოლიდური საიუბილეო ასაკისა, ბატონი ლევანი დღესაც ახალგაზრდული შემართებით განაგრძობს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, რაც საწინდარია იმისა, რომ მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული იქნება არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საკვლევი სამუშაო, აღიზრდება სამთო საქმის არაერთი ღირსეული სპეციალისტი. ამდენად, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მიღწევებს ყველა მისი ხელმძღვანელობით წამოწყებულ და განვითარებულ საქმიანობაში, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში თავის ოჯახთან, მოწაფეებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად.

