საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის სხდომა
.
2026 წლის 29 ივლისს, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ჩიხრაძე, ლევან ჯაფარიძე, ედგარ მატარაძე, ჯონი შუბითიძე, ანზორ აბშილავა, ირაკლი გუჯაბიძე, დემურ ტალახაძე, არჩილ მაღალაშვილი, ზურაბ გუდავაძე, გიორგი ჩხეიძე, გიორგი ხეცურიანი და კახაბერ მჭედლიშვილი.
დღის წესრიგში შედიოდა შემდეგი საკითხები:
- საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
- „სამთო ჟურნალის“ №1(50), 2026 წლის ნომრის გამოცემის მდგომარეობის განხილვა და სარედაქციო კოლეგიის ახალი წევრების დამტკიცება.
- გრიგოლ წულუკიძის მედლით დაჯილდოების წესისა და დებულების განხილვა და დამტკიცება.
- გრიგოლ წულუკიძის მედალზე წარდგენილი კანდიდატების განხილვა.
- საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის წევრთა არჩევნები.
- სამეცნიერო ფონდების კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობების განხილვა.
საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა, საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის შედეგები, სამომავლო გეგმები და აკადემიის განვითარების ძირითადი მიმართულებები.
ნიკოლოზ ჩიხრაძემ ინფორმაცია წარმოადგინა "სამთო ჟურნალის“ №1(50), 2026 წლის ნომრის გამოცემის მდგომარეობისა და სარედაქციო კოლეგიის ახალი წევრების დამტკიცების შესახებ. მან აღნიშნა, რომ გამოსაცემად მომზადებულია „სამთო ჟურნალის“ №1(50) ნომერი. ნიკოლოზ ჩიხრაძემ სხდომას გააცნო სარედაქციო კოლეგიის მუშაობის შედეგები:
- სარედაქციო კოლეგიაში შემოვიდა 14 სამეცნიერო სტატია;
- პირველადი რეცენზირების შედეგად მოიხსნა 2 სტატია;
- პლაგიატის შემოწმებაზე გადაიგზავნა 12 სტატია, საიდანაც 3 ავტორებს დაუბრუნდათ ხარვეზების გამოსასწორებლად;
- განმეორებითი რეცენზირების შედეგად მოიხსნა კიდევ 1 სტატია;
- გამოსაცემად მიღებულია 11 სამეცნიერო სტატია.
ამავე საკითხის ფარგლებში, სარედაქციო კოლეგიის წევრებად დამტკიცდნენ ნიკოლოზ ჩიხრაძის მიერ წარდგენილი კოლორადოს სამთო სკოლის სამთო ინჟინერიის პროფესორი Jürgen F. Brune, ჟურნალ "Mining, Metallurgy and Exploration" (MMEX) მთავარი რედაქტორი (Springer), მაღაროების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო აკადემიის (IAMSP) საბჭოს წევრი, და კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი Ildiko Tulbure, ჟურნალ "Earth and Planetary Insights" მთავარი რედაქტორი.
სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გრიგოლ წულუკიძის მედლით დაჯილდოების წესი და დებულება.
ნიკოლოზ ჩიხრაძემ სხდომას მოახსენა, რომ შემუშავებულია „გრიგოლ წულუკიძის მედლით“ დაჯილდოების წესისა და დებულების პროექტი. მან განმარტა, რომ აღნიშნული მედალი წარმოადგენს სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის უმაღლეს ჯილდოს და გაიცემა სამთო მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და სამთო მრეწველობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში დებულებაში შესაძლებელია შესაბამისი ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა.
განხილული და დამტკიცებული იყო გრიგოლ წულუკიძის მედლით დასაჯილდოებლად წარმოდგენილი აკადემიკოს ლ.ჯაფარიძის და რმჯ-ის გენერალური დირექტორის ჯ.შუბითიძის კანდიდატურები. შესაბამისი გადაწყვეტილება გაფორმდა დადგენილი წესით.
აირჩიეს საქრთველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის ახალი წევრები:
- აკადემიკოს წევრად - უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თამარ წერეთელი;
- აკადემიკოს წევრად - უკრაინის სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, იური ვილკული;
- საპატიო წევრად – „მეხანობრჩერმეტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარის, უკრაინის სამთო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსისა და საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი, პიოტრ ბილენკო;
- ასოცირებულ წევრად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო და გეოინჟინერიის მიმართულების აკადემიური დოქტორი (PhD), პროფესორი გიორგი ხეცურიანი.
განიხილეს საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ფონდების საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის სახელით მონაწილეობის შესაძლებლობები. აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადებისა და ახალი საგრანტო შესაძლებლობების აქტიურად გამოყენების აუცილებლობა.

