საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა

.

11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით გაიმართა საქართველოს სამთო საზოგადოების ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა 700-მდე დარგში მოღვაწე მეცნიერი, ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სტუმარი. 
სამთო საზოგადოების ყრილობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოს დავით გურგენიძემ. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სამთო ინჟინერია არის დარგი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ხოლო სამთო საზოგადოება არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, მდგრადი განვითარების პირობებში, მოსახლეობის კეთილდღეობა უზრუნველყოს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში მან გაიხსენა ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამთო საქმის განვითარებაში, მეცნიერები და ღვაწლმოსილი სამთოელები - სამთო საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი რევაზ სტურუა, ლევან მახარაძე, გურამ ვარშალომიძე. დიდი მეცნიერის, არჩილ ძიძიგურის მიერ დაფუძნდა სამთო საზოგადოება, რომლის გზა ბორის დემეტრაძემ გააგრძელა. მისი თაოსნობით საზოგადოება არჩილ ძიძიგურის სახელს ატარებს. 

სამთო საზოგადოების ყრილობის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ, RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ, პროფესორებმა - ალექსანდრე ბეჟანიშვილმა და ნოდარ ფოფორაძემ. 
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართა. 

12-10-2024