ნეკროლოგი

.
   საქართველოს სამთო-საინჟინრო საზოგადოებამ  მძიმე დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ღირსეული
   მოქალაქე,   მეცნიერი,  დოქტორი,  საქართველოს   სამთო  მეცნიერებათა  აკადემიის  აკადემიკოსი,
   გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ბატონი თამაზ ახვლედიანი.
   იგი   დაიბადა  1955  წელს   ქ. ვანში.   1977  წელს   დაამთავრა   საქართველოს   პოლიტექნიკური
   ინსტიტუტის   სამთო-გეოლოგიური   ფაკულტეტი   სამთო  ინჟინრის  კვალიფიკაციით.  1999  წელს
   დაამთავრა  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  სამთო  მექანიკის  ინსტიტუტის  ასპირანტურა,
   წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო  ხარისხი.
   ბატონმა თამაზმა ინსტიტუტის დამთავრების, შემდეგ განვლო  საინტერესო,  ნაყოფიერი  შრომითი  და
   შემოქმედებითი  გზა  -  ქ. ვანის „რაიარქიტექტურის“  ტექნიკოსიდან  გ. წულუკიძის  სამთო ინსტიტუტის
   დირექტორის მოადგილემდე. იგი სხვადასხვა პერიოდში  იყო: კომკავშირის ვანის  რაიკომის  მდივანი;
   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის  სამთო  მექანიკის ინსტიტუტის  ჯერ
   უფროსი  ინჟინერი,  შემდეგ  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი,  “ჭიათურმანგანუმის”  გენერალური
   დირექტორი, ქ. ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ გამგებელი.
   მნიშვნელოვანია  მისი,  როგორც  მენეჯერის  და მეცნიერის წვლილი არა მარტო „ჭიათურმანგანუმის“ 
რეაბილიტაციის საქმეში, არამედ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, როგორც საერთაშორისო დონის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის შექმნაში.
ბატონი თამაზის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები ასახულია არაერთ სტატიაში და მოხსენებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმზე. იგი იყო სამეცნიერო ანალიტიკური „სამთო ჟურნალის“ რედკოლეგიის წევრი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ადამიანური თვისებები: მეგობრული, კეთილმოსურნე და თანაზომიერი დამოკიდებულება განურჩევლად ყველა თანამშრომლის მიმართ, ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის მშვიდად განმუხტვის უნარი, გამორჩეული იუმორის გრძნობა და კომუნიკაბელურობა. მან ღრმა კვალი დატოვა ყველას გულში.
გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი თამაზ ახვლედიანის გარდაცვალების გამო. იგი ყოველთვის იქნება ჩვენთვის, როგორც მაგალითი კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, სითბოსა და სიყვარულის. მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში.
.
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სამთო საზოგადოება
.
.
19-04-2024