კონფერენცია - მეცნიერთა საყურადღებოდ!
.
II საერთაშორისო კონფერენცია "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე 2023"
2023 წლის 23-25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე. 2023“. ღონისძიების მიზანია: ქიმიური და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა უახლესი ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების შედეგების და მიღწევების გაზიარება; კვლევების მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების საფუძველზე, შესაძლო ერთობლივი კვლევების დაგეგმვა; საპარტნიორო ურთიერთობების გაღრმავება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „Horizon Europe“-ის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით; პოტენციური პარტნიორების მოძიება საწარმოო სექტორში და მათი დაინტერესება სამეცნიერო პროექტების დაფინანსების კუთხით.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემებია: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია; IV. ენერგეტიკა.
კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტების (საერთაშორისო კონფერენციის თეზისების/მოხსენებათა კრებულის) ელექტრონული მასალები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში. რიგი შერჩეული პუბლიკაციები, აზერბაიჯანელი კოლეგების მხარდაჭერით, გამოიცემა SCOPUS-ში ინდექსირებულ ჟურნალში - “Chemical Problems” (ISSN:2221-8688).
კონფერენციის თანადამფინანსებელია: შპს კაპაროლი (CAPAROL), საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ინოსისტემის (InnoSystems), სერვის მენეჯმენტ კომპანია (SMC).
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://conference23iice.ge