Home

მთავარი_გვერდი დაგვიკავშირდით

 

 

     17.12.2007 | გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დელეგაციის საქმიანი მივლინება გერმანიის

                           კლაუსტალის ტექნიკურ უნივერსიტეტში

     მიმდინარე წლის 10-15 დეკემბერს გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 5 კაციანი დელეგაცია - ინსტიტუტის დირექტორი ნ. ჩიხრაძე, ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკად. დოქტ. ს. ხომერიკი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკად. დოქტ. რ. მიხელსონი, ინჟინრები დ. ხომერიკი და ხ. ძებისაშვილი საქმიანი მივლინებით იმყოფებოდნენ გერმანიის კლაუსტალის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ვიზიტის ინიციატორი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის (#G-1096, ISTC, www.istc.ru) კოლაბორატორი, კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰოსეინ ტუდეშკი.

      ვიზიტის ფარგლებში შედგა პროექტის შედეგების დეტალური განხილვა და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები მათი პრაქტიკული გამოყენების მიზნით (კერძოდ, კოლაბორატორთან წინასწარი მოლაპარაკების დონეზე კანადურმა კომპანიამ ინტერესი გამოხატა შედეგების გამოყენებაზე კომერციულ საფუძელზე). ასევე დაისახა ღონისძიებები პროექტის ფარგლებში შექმნილი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პროექტირების კომპიუტერული პროგრამის სრულყოფის და შემდგომი კომერციალიზაციის მიზნით. გარდა სამთო ინსტიტუტისა, გაიმართა შეხვედრები “მინერალების გადამუშავების ინსტიტუტში” და “ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში”. შედგა ვიზიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ძირითად ჰანოვერის მარილის მომპოვებელ მაღაროებში და მოხდა მარილის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. 

      გაფორმდა მემორანდუმი კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ინსტიტუტსა და გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს:

  • ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობას, ევროპულ პროგრამებში ერთობლივ მონაწილების ჩათვლით;

  • სპეციალისტების გაცვლას; 

  • თანამშრომლობას მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მომზადებაში (როგორც გერმანელებისა ჩვენს ინსტიტუტში, ასევე ქართველი ახალგაზრდებისა გერმანიაში. უკვე დაიგეგმა ჩვენი ერთი ახალგაზრდა სპეციალისტის ორთვიანი წინასწარი გაცნობითი ვიზიტი კლაუსტალში მომავალ წელს).

  • ზაფხულის მოკლევადიანი სკოლა-სემინარების ორგანიზაციას;

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზით სარგებლობას;

  • ერთობლივი სამეცნიერო კრებულის გამოცემას და სხვ.