საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი გრიგოლ წულუკიძის
სამთო ინსტიტუტს ეწვია და
გვირაბის აფეთქების მძიმე
შედეგებისაგან დამცავი ახალი
მეთოდის იმიტირებულ ჩვენებას
დაესწრო.
ინსტიტუტი 2005 წლიდან,
ნატოს პროგრამის “მეცნიერება
მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”
ფარგლებში, ახორციელებს პროექტს
“ხალხისა და მიწისქვეშა
მოწყობილობის დაცვის სისტემა
ტერორისტული აფეთქებებისაგან”.
პროექტის მიზანია ავტომატური
დამცავი სისტემის შემუშავება,
რომელიც გააქტიურდება გვირაბში
არასანქცირებული აფეთქებისას და
უზრუნველყოფს ჭარბი წნევის
შემცირებას, გამორიცხავს ხანძრის
საფრთხეს და გადასცემს
ინფორმაციას აფეთქების შესახებ
სამაშველო სამსახურს. სრულდება
პროექტის გეგმით
გათვალისწინებული სამუშაოები,
კვლევების შედეგები საფუძვლად
დაედება დამცავი სისტემის საცდელი
ნიმუშის შექმნას და გამოცდას მისი
ეფექტიანობის დასადგენად, რაც
გათვალისწინებულია მომავალი წლის
გეგმით.
მიწისქვეშა ნაგებობების
უსაფრთხოების უზრუნველყოფის
პრობლემა ნატოს პროგრამის ერთ-ერთ
პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
იგი მოიცავს საავტომობილო და
სარკინიგზო გვირაბების, მეტროს და
სხვა მიწისქვეშა ობიექტების
დაცვას ტერორისტული და
შემთხვევითი აფეთქებებისაგან.